აშშ-ის სენატმა ეკონომიკის სტიმულირების $1.9 ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი, ეკონომიკის სტიმულირების $ 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობით პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. 

აღნიშნული თანხიდან $ 400 მილიარდი  ერთჯერად დახმარებას მოხმარდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ამერიკელები დახმარების სახით $ 1,400-ს მიიღებენ. უმუშევრად დარჩენილი ამერიკელები, 9.5 მილიონი ადამიანი, კვირაში, $ 300-ს მიიღებენ. დახმარების პაკეტიდან $ 350 მილიარდი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში გადაირიცხება.

ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს ხმა 50-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 49 წინააღმდეგი იყო. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრძოლა არ დასრულებულა, რადგან კანონპროექტი კვლავ წარმომადგენელთა პალატაში უნდა დაბრუნდეს, რომელმაც ერთი კვირით ადრე ოდნავ განსხვავებული ვარიანტი დაამტკიცა.