აშშ რუსეთის განცხადებას გამოეხმაურა

პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებებს დონბასში ქიმიური იარაღით აშშ-ის მიერ პროვოკაციების მოწყობის შესახებ "მცდარი" უწოდა. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ დონბასში ომის ესკალაციაზე პასუხისმგებელი არა უკრაინა ან შეერთებული შტატები, არამედ რუსეთია.

Report.ge-ს ცნობით, კირბის განცხადება პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა კი ის Twitter-ზე განათავსა.

"მინისტრ შოიგუს ეს განცხადებები აბსოლუტურად მცდარია“, - აღნიშნა კირბიმ.

პრაისმა კი რუსეთს მიმართა.

"მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყალბი, წამახალისებელი რიტორიკის გამოყენება და გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, რათა დისკუსიისთვის პოზიტიური ატმოსფერო შეიქმნას", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერეგი შოიგუმ განაცხადა, რომ 120 ამერიკელმა დაქირავებულმა მებრძოლმა აღმოსავლეთ უკრაინაში ქიმიური იარაღი ჩაიტანა და პროვოკაციას ამზადებს.