აშშ-ში "ომიკრონის" გამო 200-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა

ამერიკულმა ავიაკომპანიებმა - United Airlines და Delta Air Lines წინასაშობაოდ ათობით რეისი გააუქმეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეკიპაჟის წევრებსა და სხვა თანამშრომლებს შორის ინფიცირების შემთხვევები იზრდება. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მისი ცნობით, United Airlines-მა პარასკევს დაგეგმილი 120 ავიარეისი, Delta Air Lines-მა კი - 90 ავიარეისი გააუქმა.

United Airlines-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" გავრცელებამ მათი ეკიპაჟის წევრებზე და სხვა თანამშრომლებზე პირდაპირ იმოქმედა. Delta-ში კი განმარტავენ, რომ კომპანიის მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, მათ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, რადგან "ეკიპაჟების წევრების შეცვლისა და ჩანაცვლების რესურსიც ამოიწურა".