აშშ-თალიბებს შორის სამშვიდობო შეთანხმება 29 თებერვალს გაფორმდება

სამშვიდობო შეთანხმებას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თალიბებს შორის 29 თებერვალს მოეწერება ხელი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პირადად განაცხადა.

ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ, თალიბებთან მივაღწიეთ შეთანხმებას ავღანეთში ძალადობის შემცირებასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია მშვიდობის გზაზე და მოვუწოდებ ყველა ავღანელს, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით“, - დაწერა პომპეომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეთანხმება 10 მარტიდან, თალიბებსა და ავღანელებს შორის, ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ღანის მონაწილეობით, მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

29 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით აშშ-ი 5000 თალიბ ტყვეს გაათავისუფლებს. თალიბები, თვის მხრივ, ერთი კვირის განმავლობაში, ყველანაირი საბრძოლო მოქმედების შეწყვეტაზე დათანხმდნენ.

სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში აშშ-ი ავღანეთიდან სამხედრო ნაწილებს გამოიყვანს. ამ დროისთვის ავღანეთში 11000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

აშშ-მა და NATO-მ ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ, საბრძოლო მოქმედებები 18 წლის წინ მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს გლობალურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ აშშ-ზე ტერორისტული შეტევა განახორციელა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 2020 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადით იყრის კენჭს, განაცხადა, რომ დაასრულებდა ომებს და ამერიკელ ჯარისკაცებს სახლში დააბრუნებდა.