ავსტრალიაში ქალმა ხანძრისგან კოალა იხსნა - VIDEO - PHOTO

ავსტრალიაში ქალმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ტყის ხანძრისას კოალა გადაარჩინა.

ვიდეოს გამოცემა The Sun აქვეყნებს.

ინციდენტი ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში მოხდა, სადაც ხანძრები უკვე რამდენიმე კვირა მძვინვარებს.

ჟურნალისტებმა გმირი ქალი იპოვეს. მას ტონი ჰქვია. ის აცხადებს, რომ მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მას გზა კოალამ გადაურბინა. ცხოველი ტყეში შევარდა, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული.

ტონიმ მანქანა გააჩერა, კოალას გაეკიდა, ხიდან ჩამოათრია, წყალი გადაასხა, რომ მას ცეცხლი არ მოკიდებოდა და საკუთარ პერანგში გაახვია.

კოალა ამჟამად ცხოველთა გადარჩენის ცენტრშია მოთავსებული.