ავსტრიის მთავრობამ AstraZeneca-ს გამოყენება შეაჩერა

ავსტრიის ხელისუფლებამ  მოსახლეობის AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული ვაქცინით აცრა შეაჩერა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. 

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ვაქცინირებულის გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული.

ვაქცინაციის შემდეგ ავსტრიის მოქალაქე, 49 წლის ქალბატონი, კოაგულაცის შედეგად გარდაიცვალა. ხოლო კიდევ ერთ პაციენტს, 35 წლის ქალბატონს, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა, კერძოდ ფილტვის ემბოლია განუვითარდა, თუმცა მოგვიანებით გამოჯანმრთელდა. 

ხელისუფლება ამ დროისათვის მომხდარსა და ვაქცინაციას შორის კავშირს იძიებს. 

”ამჟამად ვაქცინაციასთან მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს”, - აცხადებენ ავსტრიის ჯანდაცვის ფედერალურ ოფისში.

გამოძიების დასრულებამდე ავსტრიის მოქალაქეებს AstraZeneca-ს ვაქცინით არ აცრიან.