აზერბაიჯანი და სომხეთი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. ჯეიჰუნ ბაირამოვის, სერგეი ლავროვისა და ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის გამართული მოლაპარაკებები მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე დახურულ ფორმატში გაიმართა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება 4 პუნქტს მოიცავს, კერძოდ:

1. 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან, ჰუმანიტარული მიზნით, ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა სამხედრო ტყვეთა, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა სხეულების გაცვლის გამო. აღნიშნული ქმედებები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კრიტერიუმების შესაბამისად და მათი შუამავლობით განხორციელდება.

2. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სპეციფიკურ პარამეტრებზე დამატებით შეთანხმდება.

3. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით, მოწესრიგების ძირითადი პრინციპების საფუძველზე, არსებით მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

4. მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების ფორმატის უცვლელობას. 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მოსკოვში მიიწვია.