აზერბაიჯანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულია - ალიევი

აზერბაიჯანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა რეგიონში პოსტკონფლიქტური ვითარება და აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ვითარება სტაბილურია.

ამასთან, ალიევი დაეთანხმა აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის მოსაზრებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საერთაშორისო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა ამ პროცესის მნიშვნელობა 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შესაბამისად.

„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთის არაადეკვატურმა რეაქციამ საზღვარზე არსებულ დაძაბულ ვითარებაზე და ერევნის მცდელობამ, საკითხის ინტერნაციონალიზაცია მოახდინოს, შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს და ხაზი გაუსვა ყველა საკითხის მშვიდობიანი და მოლაპარაკებათა პროცესის გზით გადაწყვეტის აუცილებლობას“, – ნათქვამია ალიევის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.