აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, მათი 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების შედეგად მათი 14 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 46 დაიჭრა.

აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობითვე, სიტუაციის სამხედრო ესკალაციის გამო, დაზიანდა 116 საცხოვრებელი სახლი და 25 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის ფაბრიკა, რამდენიმე სკოლა, სამედიცინო პუნქტი და ა.შ. დაზიანდა ავტომობილები, დაიხოცა პირუტყვი.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.