აზერბაიჯანის საგარეო უწყება: სომხეთმა პასუხი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა აგოს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ლეილა აბდულაევა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა.

”აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 13 იანვარს ISESCO-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათწლეულების განმავლობაში გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის თაობაზე.

სომხური მხარის მიერ ამ ტერიტორიებზე, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული იყო, ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლების განადგურება და ძარცვა  ომის დანაშაულებს უტოლდება. ამ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა სომხეთს აკისრია და მან პასუხი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა აგოს.

რაც შეეხება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფუძვლო ბრალდებებს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ კი UNESCO-ს, არ აძლევს ამ ტერიტორიის მონახულების საშუალებას, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში სწორედ სომხეთმა შეუშალა ხელი საერთაშორისო ვიზიტებს აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ფაქტი ნათლად აისახა 2005 წელს გამოქვეყნებულ UNESCO-ს საქმიანობის ანგარიშშიც. 

დარწმუნებულები ვართ, რომ UNESCO / ISESCO-ს მისია კარგი შესაძლებლობა იქნება, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სომხეთის 30-წლიანი ოკუპაციის პერიოდში ჩადენილი ვანდალური აქტებისკენ მივმართოთ", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.