აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

16 ნოემბრის საღამოდან აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ვითარება დასტაბილურდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

"სომხეთის პროვოკაციამ და პოლიტიკურმა ავანტიურამ სახელმწიფო საზღვარზე სრული კრახი განიცადა. ოპერატიულ ვითარებას ჩვენი დანაყოფები აკონტროლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიებზე მსახურებას აგრძელებენ.

"სომხეთის პროვოკაციის შედეგად წარმოქმნილ დაძაბულობასა და დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, სახელმწიფო საზღვარზე 16 ნოემბერს სომხეთის პროვოკაციებთან დაკავშირებით განხორციელებული სამხედრო ოპერაციების დროს აზერბაიჯანის არმიის შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.