აზერბაიჯანისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, ლუიჯი დი მაიოს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყება იტყობინება.

სამინისტროს ინფორმაციით, ლუიჯი დი მაიომ რეგიონში არსებული დაძაბული სიტუაციით შეშფოთება გამოხატა. მან დაძაბულობის შემცირებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 27 სექტემბერს აზერბაიჯანული პოზიციების წინააღმდეგ სომხეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის მორიგი აქტის, სამოქალაქო პირების მისამართით სროლის შესახებ და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული არმია შესაბამის საპასუხო ზომებს თავდაცვის უფლების შესაბამისად, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს", - აღნიშნულია განცხადებაში.