აზერბაიჯანში რესტორნებში, მოლებსა და სასტუმროებში კოვიდპასპორტებს მოსთხოვენ

1 სექტემბრიდან აზერბაიჯანში COVID-19-ის პასპორტის წარდგენა რესტორნებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და სასტუმროებში სტუმრობისას სავალდებულო გახდება. შესწორებები მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში შევიდა, რომელიც სპეციალურ საკარანტინო რეჟიმს ეხება.

ახალი ზომები 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა.

ამასთან, ახალი შესწორებებით, სახელმწიფო ორგანოების, სულ მცირე, 80 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს. ეს ეხება სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც.

გარდა ამისა, COVID-პასპორტების აღება ყველა სტუდენტისთვის იქნება სავალდებულო.