ბაიდენი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს თეთრ სახლში უმასპინძლებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს თეთრ სახლში 25 მაისს, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

28 აპრილს ბაიდენმა, კონგრესში გამოსვლისას მოითხოვა სამართალდამცავი სისტემის რეფორმირება აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების წლისთავზე, ანუ 25 მაისს. მან კონგრესმენებს მოუწოდა, გაერთიანდნენ პოლიციისა და მოქალაქეებს შორის ნდობის აღდსადგენად, სისხლის სამართლის სისტემის სისტემური რასიზმის აღმოსაფხვრელად და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის გასატარებლად. 

შეგახსენებთ, 2020 წლის 25 მაისს ჯორჯ ფლოიდი ქალაქ მინეაპოლისის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, პოლიციის მიერ სასტიკად დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ მასობრივი საპროტესტო აქციები და არეულობები გამოიწვია არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ევროპაში.