ბეზოსის Blue Origin-ის ბილეთს კოსმოსში აუქციონზე გაყიდის

კოსმოსური კომპანია Blue Origin, რომლის მფლობელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსია, ონლაინ-აუქციონზე კოსმოსში გასამგზავრებელ ბილეთს გაყიდის. ხომალდ New Shepard-ზე პირველი სუბორბიტალური მოგზაურობა 20 ივნისითვის იგეგმება. ბილეთი 5-კვირიანი ონლაინ-აუქციონის გამარჯვებულს ერგება.

ბილეთის ფასი ვაჭრობის დროს იქნება გენერირებული. პროცესი სამ ეტაპად წარიმართება. 5-დან 19 მაისამდე განაცხადის წარმოდგენას ნებისმიერ თანხაზე ყველა მსურველი შეძლებს. 19 მაისს განაცხადები გასაჯაროვდება და აუქციონის მონაწილეები ფსონს აწევენ. 12 ივნისს კი ონლაინ-აუქციონი გაიმართება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული.

აუქციონიდან შემოსული თანხა ფონდში Club for the Future გადაირიცხება. ის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და კოსმოსთან დაკავშირებული სხვა სფეროებში მოღვაწე ახალ თაობებს დაეხმარება.