ბლინკენი და ლავროვი რეიკიავიკში შეხვდნენ

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისლანდიის დედაქალაქში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა რეიკიავიკში ღამით, არქტიკული საბჭოს მინისტრების სამიტის დასრულების შემდეგ გაიმართა. ეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორი სახელმწიფოს პირველი დიპლომატის პირველი შეხვედრა იყო. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

საუბრისას მხარეებმა თანამშრომლობის გზები განიხილეს. მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საგანი ასევე ორი სახელმწიფოს ლიდერის სავარაუდო შეხვედრა იყო. ვაშინგტონმა და მოსკოვმა ახლო მომავალში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უნდა მოამზადონ.

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვაშინგტონის მიერ მოსკოვის მხრიდან კიბერშეტევებისა და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ განცხადებების გავრცელების, ასევე უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზებისა და ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გამწვავდა. აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რასაც რუსეთმაც სანქციებით უპასუხა.