ბლინკენი რუსეთს ვარშავაში ეუთო-ს შეხვედრის ჩაშლაში ადანაშაულებს

ვარშავაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების საკითხზე ყოველწლიური შეხვედრა უნდა გამართულიყო, რომელიც მოსკოვის ქმედებების გამო ჩაიშალა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ღონისძიება 27 სექტემბერს იყო დაგეგმილი.

”ევრაზიაში ადამიანის უფლებების შესახებ ყველაზე დიდი კონფერენცია ვარშავაში გუშინ უნდა გახსნილიყო. სამწუხაროდ, 2021 წლის ეუთო-ს ადამიანური განზომილების ღონისძიებების შესრულების საკითხზე შეხვედრა არ შედგა, რადგან რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით შეხვედრა დაიბლოკა“, - აღნიშნულია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ბლინკენის თქმით, აშშ წუხს, რომ მოსკოვი ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის კონტროლის ბლოკირებას ცდილობს.

სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზი გაუსვეს, რომ შეერთებული შტატები ისევ მოუწოდებს რუსეთს, თავისი ვალდებულებები შეასრულოს.