ბრიტანელი კონსერვატორები ბორის ჯონსონის ლიდერობით წინასწარი მონაცემებით არჩევნებში იმარჯვებენ

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია, პრემიერ ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულია. ასეთია წინასწარი შედეგები.

ბრიტანეთის საყოველთაო ეგზიტპოლის მონაცემებზე დაყრდნობით, 12 დეკემბრის ვადამდელი არჩვენების შედეგად, კონსერვატორები, 650 ადგილიან პარლამენტში, 365 ადგილს მიიღებენ. 125 ადგილი ექნებათ ლეიბორისტებს. შოტლანდიის ეროვნულ პარტიას 52 მანდატი შეხვდება. ლიბერალ-დემოკრატიული პარტია 13 კაცით შევა პარლამენტში, უელსის სოციალ-დემოკრატიული პარტია 4 ადგილს მიიღებს. მწვანეების პარტიას კი, ვადამდელი არჩვენების შედეგად, თემთა პალატაში ხოლოდ ერთი მანდატი შეხვდებათ.

12 დეკემბრის არჩევნები, ფაქტობრივად, ბრექსითის ხელმეორე რეფერენდუმია, რადგან მთავარ საკითხს სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება წარმოადგენს. 31 იანვრიდან ბრიტანეთი გარდამავალ ფაზაში შევა და ევროკავშირის 27 ქვეყანასთან ურთიერთობების გაგრძელებაზე ინდივიდუალური მოლაპარაკებებს დაიწყებს. საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის უმრავლესობით გამარჯვება პროცესის 2020 წლის ბოლომდე დასრულებას ნიშნავს."შეასრულე ბრექსითი" - ასეთი იყო ბორის ჯონსონის წინასაარჩევნო სლოგანი.