ბურკინა-ფასოში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში ჟანდარმერიის პოსტზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აქედან 4 სამოქალაქო პირია. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

მეამბოხეების თავდასხმა ინატას ოქროს მაღაროსთან, სამხედრო პოლიციის პოსტზე განხორციელდა. ბურკინა-ფასოს შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ "ჟანდარმერია ტერორისტული თავდასხმის სამიზნე იყო". 

ბურკინა-ფასოში, ისევე როგორც დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში, უსაფრთხოების კრიზისი გაღრმავდა. "ალ-ქაიდასა" და "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე, მიუხედავად საფრანგეთისა და გაერო-ს ძალისხმევისა, კვლავ გრძელდება.