ჩეხეთმა ჩინეთს ვაქცინა სთხოვა

ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთის შემდეგ, ევროკავშირის მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდება სთხოვა. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ჩეხეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, რესპუბლიკის პრეზიდენტს სთხოვა, დაკონტაქტებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს და ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის მიწოდება ეთხოვა. რესპუბლიკის პრეზიდენტმა თხოვნა დააკმაყოფილა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს მისწერა. პეკინში ჩეხეთის საელჩოს ცნობით, ჩინურმა მხარემ გადაწყვიტა, თხოვნა დაუყოვნებლივ დაეკმაყოფილებინა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, ვაქცინის რა რაოდენობას მიიღებს ჩეხეთი და როდის იგეგმება მიწოდება.

2 მარტისთვის ჩეხეთში ვაქცინის 702 ათასი დოზა იყო გამოყენებული. ძირითადად მათი მომწოდებელია Pfizer/BioNTech (626 920), შემდეგ Moderna (39 442) და AstraZeneca (35 661). ევროკავშირის ტერიტორიაზე ვაქცინის უკმარისობის გამო ჩეხეთი ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებს.

Worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1,284,288 შემთხვევაა დადასტურებული, 21,128 ადამიანი გარდაიცვალა, 1,104,592 გამოჯანმრთელდა.