ჩეხეთში ჯანდაცვის სექტორის წინააღმდეგ კიბერთავდასხმები 267%-ით გაიზარდა

2020 წელს ჩეხეთში ჯანდაცვის სექტორის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმების რიცხვი 267%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული კიბერსაინფორმაციო სააგენტოზე (NÚKIB) დაყრდნობით Euractiv იუწყება.

სააგენტოში აცხადებენ, რომ შარშან შეინიშნებოდა ახალი ფართომასშტაბიანი ტენდენცია, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტებზე გამომძალველი ვირუსების თავდასხმას გულისხმობს.

ყველაზე სერიოზული ინციდენტი 2020 წლის მარტში მოხდა, როდესაც ვირუსი ბრნოს საავადმყოფოს სისტემაში მოხვდა. გარდა იმისა, რომ დაწესებულებას რამდენიმე მილიონის ოდენობის ზარალი მიადგა, რამდენიმე კვირით სამი განყოფილება დაიხურა.

პერიოდულად თავდასხმების სამიზნე სხვა ქალაქების საავადმყოფოებიც ხდებოდა.

NÚKIB სამედიცინო დაწესებულებს კიბერთავდასხმების ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს და ყურადღებისკენ მოუწოდებს.