ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდა

ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, საკარანტინო შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. მოსახლეობას საცხოვრებელი რაიონის გარეთ გასვლა ეკრძალება.

ახალი რეგულაციების ფარგლებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეებშიც. დაიხურა არასასურსათო დანიშნულების, მათ შორის, საკანცელარიო და ბავშვთა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჩეხეთში კორონავირუსით 1 227 595 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 20 194 ინფიცირებული გარდაიცვალა.