ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის ექსპერტებმა ჯანმო და ჩინეთის მთავრობა იმაში დაადანაშაულეს, რომ მათ COVID-19-ის გავრცელების საწყის ეტაპზე დაგვიანებული რეაქცია ჰქონდათ. ინფორმაციას კომისიის მოხსენებაზე დაყრდნობით სააგენტო AFP ავრცელებს.
”ეპიდემიის გლობალურ გავრცელებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ მას, ძირითადად, მალავდნენ პირველ დღეებში, როდესაც ვირუსი ვუჰანში აღმოაჩინეს", - განაცხადეს ექსპერტებმა.
მათი შეფასებით, ჩინეთს "ჰქონდა შესაძლებლობა, უფრო სწრაფად ეპასუხა ადრეულ სიგნალებზე".
ამავდროულად, კომისიამ გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმის გამო, რომ საგანგებო კომიტეტის სხდომა ძალიან გვიან - მხოლოდ გასული წლის 22 იანვარს მოიწვია. ორგანიზაციამ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა და საფრთხის მაღალი დონე მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადა.
"გაუგებარია, რატომ არ იქნა გადადგმული ორივე ნაბიჯი უფრო ადრე", - ნათქვამია ანგარიშში.
კომისიამ აღნიშნა გლობალური პანდემიის პრევენციის სისტემის ხარვეზებიც.
”ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამ საქმის შესასრულებლად საკმარისი შესაძლებლობები არ ჰქონდა”, - დასძინეს ექსპერტებმა.
პანდემიისადმი მზადყოფნისა და მათზე რეაგირების შეფასების დამოუკიდებელი კომისია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წლის ივლისში შექმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან: ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ჰელენ ჯონსონი-სერლიფი.