COVID-19-ის ლაბორატორიაში წარმოშობის ვერსიას ბრიტანეთიც გამოიძიებს

დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა ახალი ტიპის კორონავირუსის ხელოვნური, ლაბორატორიაში წარმოშობის ვერსიის გადამოწმება დამოუკიდებლად დაიწყეს.  ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი  შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლებენ. 

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სადაზვერვო სამსახურები კორონავირუსის წარმოშობის ორ ვერსიას ამუშავებენ - ცხოველიდან ადამიანზე ბუნებრივი ტრანსმისია და ვირუსის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონვა.

ბაიდენმა  ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის 90 დღე გამოყო. 

როგორც ბრიტანულმა წყარომ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ასევე არ გამორიცხავს SARS-CoV-2-ის ხელოვნურ წარმოშობას.

მიმდინარე წლის მარტში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის მუშაობის შედეგები. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ლაბორატორიიდან გაჟონვა "ნაკლებად სავარაუდოა", მთავარ ვერსიად შესაძლოა ვირუსის ღამურებიდან ადამიანზე გადაცემა ჩაითვალოს.