COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალური ციფრები გაცილებით მაღალია - ჯანმო

კორონავირუსთან პირდაპირ, თუ ირიბად დაკავშირებული სიკვდილიანობის რეალური მონაცემები, სავარაუდოდ გაცილებით მაღალია - ამ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს. 2021 წლის მაისის სტატისტიკით, ინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 3,4 მილიონს აღწევს. თუმცა, ჯანმო-ს განცხადებით, ეს ციფრი შესაძლოა, 6-8 მილიონს უტოლდებოდეს. ინფორმაციას Financial Post ავრცელებს.

ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს კორონავირუსით, სავარაუდოდ 3 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა, ანუ 1,2 მილიონით მეტი, ვიდრე ეს ოფიციალური მონაცემებშია დაფიქსირებული. ჯანმო-ს მონაცემთა ანალიტიკოსის უილიამ მსემბურის განცხადებით, ეს რიცხვი მოიცავს კორონავირუსით სიკვდილის დაურეგისტრირებელ, ან საავადმყოფოს უკმარისობით, გადაადგილებაზე შეზღუდვითა და სხვა მსგავსი ფაქტორებით გამოწვეულ გარდაცვალების ფაქტებს.