"COVID-აპლიკაცია" 2.44 მილიონმა ავსტრალიელმა გადმოწერა

კვირას, ავსტრალიაში Covid-აპლიკაცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და ის უკვე  2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა. 

აპლიკაცია სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად შეიქმნა, რათა ჯანდაცვის სამინისტროს  იმ ადამიანების მოძიებაში დაეხმაროს, რომლებიც, შესაძლოა, "COVID-19-ით" ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტში შევიდნენ. 

დღეს ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრმა, გრეგ ჰანტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  აპლიკაციას უკვე 2.44 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 

"ავსტრალიელები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საკუთარ ძალებს არ იშურებენ"-, განაცხადა ჰანტმა.

აპლიკაცია "Bluetooth-ის" სიგნალის დახმარებით ადამიანებს შორის დისტანციას აღიქვამს და მათ აფრთხილებს, რომ ერთმანეთს 2 მეტრით დაშორდნენ. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპლიკაცია მომხმარებლების ადგ,ილმდებარეობას აღნიშნავდა და ამით ადამიანების უფლებებს არღვევდა, თუმცა მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა ბრენდან მარფიმ "7 News-თან" ინტერვიუში განაცხადა, რომ აპლიკაციაში აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს აქვთ. დარეგისტრირებისთვის კი მომხმარებლებმა თავიანთი სახელი, მობილურის ნომერი, საფოსტო კოდი და ასაკი უნდა მიუთითონ.