დასასრულს ვხედავთ - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში, დოქტორმა დევიდ ნაბარომ განაცხადა, რომ მსოფლიოში მძიმე ეპიდვითარება, სულ მცირე, მომდევნო სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Essex Live ავრცელებს. 

„მარათონში ვმონაწილეობთ. თუმცა, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ ფინიშთან ახლოს ვართ. დასასრულს ვხედავთ, მაგრამ ჯერ მასთან ახლოს არ ვართ”, - განაცხადა ნაბარომ.

მან დასძინა, რომ მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით მძიმე ვითარება კიდევ  სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ვირუსის (COVID-19-რედ.) ქცევა იმაში გამოიხატება, რომ ის გროვდება და შემდეგ მკვეთრად მატულობს, შემდეგ ისევ ეცემა, შემდეგ კი ისევ მატულობს. და ასეა, ყოველ სამ-ოთხ თვეში ერთხელ“, - განაცხადა დოქტორმა დევიდ ნაბარომ.

მისი თქმით, შესაძლებელია ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენა, მაგრამ როდესაც მორიგი კორონავირუსული აფეთქება მოხდება, ხელისუფლებამ პოლიტიკა კარგად უნდა დაგეგმოს.