დედამ 11 წლის ვაჟი გაგუდა, რადგან ის ტელეფონზე თამაშობდა

ბრაზილიაში 33 წლის ქალმა, ალექსანდრა დუგოკენსკიმ 11 წლის ვაჟი გაგუდა. დედის თქმით, მას ყელში ამოუვიდა, რომ ბავშვი, სახელად რაფაელი, გვიანობამდე ტელეფონით თამაშობდა.

პოლიციამ ალექსანდრა დააკავა. ის დანაშაულს აღიარებს.

გამოცემა Daily Mirror წერს, რომ საზარელი მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე რაფაელმა დედას ლექსი მიუძღვნა, რომელშიც წერდა, როგორ ძლიერად უყვარდა ის. ბიჭი ალექსანდრას მადლობას უხდიდა იმისთვის, რომ ის მასზე და მის ძმაზე ზრუნავდა. ბიჭი წერდა, რომ დედის ღიმილი მისთვის ყველაფერია.

თავდაპირველად ქალი ამბობდა, რომ ცუდი ყოფა-ქცევისთვის შენიშვნის მიღების შემდეგ, რაფაელი სახლიდან გაიქცა.

პოლიციამ სამძებრო ოპერაცია დაიწყო. როდესაც ბიჭის პოვნა ვერ მოხერხდა, ალექსანდრამ აღიარა, რომ შვილი გაგუდა. მისი თქმით, "ის ტყუილში ცხოვრებას ვეღარ უძლებდა და მას სინდისი ქეჯნიდა".

რაფაელის გაუჩინარებიდან 10 დღის შემდეგ დედამ გამომძიებლებს მისი ცხედრის ადგილსამყოფელი აჩვენა. გვამი, რომელიც უკვე გახრწნილი იყო, ზეწარში იყო გახვეული.

თავზე მას პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული.