200 ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული პედოფილი ციხეში მოკლული იპოვეს

დიდ ბრიტანეთში ყველაზე საშინელი პედოფილის სახელით ცნობილი პატიმარი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. 33 წლის რიჩარდ ჰაკლის, 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის, 200 მალაიზიელ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ბრიტანული პოლიციის ინფორმაციით მას სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

რიჩარდ ჰაკლს 22 წლით პატიმრობა 2016 წელს მიუსაჯეს. მისი სასამართლო პროცესი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჰაკლი ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ლონდონში, გეტვიკის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის მალაიზიიდან ბრუნდებოდა. დანაშაულების უმეტესობა მან სწორედ მალაიზიაში ჩაიდინა. ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სცენებს ის კამერით იღებდა და შემდეგ ვიდეოებსა და ფოტოებს ინტერნეტსივრცეში, დახურულ ჯგუფში ავრცელებდა. მისი მსხვერპლი,  ძირითადად, თავშესაფრისა და ღარიბი სკოლების მოსწავლეები იყვნენ, ვისზეც ის, 9 წლის განმავლობაში, ინგლისური ენის მისიონერი მასწავლებლის სტატუსით ზრუნავდა.

სასტიკი პედოფილის დაკავება ავსტრალიის პოლიციის მიერ პედოფილიის ინტერნეტდანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოხდა. დანაშაულებრივ ვებგვერდს დახურვამდე 9000 მომხმარებელი ჰყავდა.