ტუნისში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ლიბერალი მედიამაგნატი ნაბილ კარუი და იურისტი, კონსტიტუციონალისტი კაის საიდი დაუპირისპირდებიან. გადასახადების დამალვის გამო აგვისტოში დაპატიმრებული მედიამაგნატი ნაბილ კარუი, არჩევნების მეორე ტურამდე 5 დღით ადრე, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პირველ ტურში მონაწილეობა მან საპყრობილიდან მიიღო.

არჩევნების პირველ ტურში ნაბილ კარუიმ ხმათა მხოლოდ 15,6% , ხოლო, კაის საიდმა კი ხმათა 18,4% მოიპოვა. მეორე ტური 13 ოქტომბერს გაიმართება.

„არაბული გაზაფხულის“ შემდეგ, ეს ტუნისში რიგით მეორე თავისუფალი არჩევნებია.

კანონით განსაზღვრული საპრეზიდენტო არჩევნები ტუნისში ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, 92 წლის პრეზიდენტი ბეჯი კაიდ ეს-სებსი ივლისში გარდაიცვალა. ვადამდელი არჩვენების პირველი ტური სექტემბერში გაიმართა, სადაც პრეზიდენტობისთვის 26 კანდიდატი იბრძოდა. ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნები საინტერესოა იმითაც, რომ პირველ ტურში კანდიდატთა შორის იყო ადვოკატი მოუნირ ბაატური, რომლიც ქვეყნის ისტორიაში პირველი ღიად გეი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.

ჰომოსექსუალობა ტუნისში კანონით დასჯადია და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.