დიდმა ბრიტანეთმა COVID-19-ის წინააღმდეგ მოლნუპირავირის გამოყენება დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც COVID-19-ის წინააღმდეგ სამკურნალოდ მოლნუპირავირის გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას ქვეყნის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) ავრცელებს. განცხადება ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

"პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტურია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკის შესამცირებლად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის COVID-19-ის მქონე ადამიანებში, რომლებსაც სერიოზული დაავადების განვითარების რისკი აქვთ“, - აღნიშნეს უწყებაში.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა აღნიშნა, რომ ამ ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.

მან ამ მოვლენას „ქვეყნისთვის ისტორიული“ უწოდა.