დისტანციური პაემანი პანდემიის დროს

მაშინ, როდესაც მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, ქალაქები ჩაიკეტა, მოსახლეობას თვითიზოლაციის რეკომენდაციები მიეცა და სახელმწიფოები, ინფექციის გავრცეების თავიდან აცილების მიზნით, სოციალური დისტანცირებისთვის ყველა ღონეს ხმარობენ, ორ ამერიკელ ახალგაზრდას ერთმანეთი შეუყვარდა. როგორც ჩანს, სიყვარულმა დრო და ადგილი მართლაც არ იცის. 

ნიუ-იორკში, კერძოდ ბრუკლინში  მცხოვრებ ჯერემის მის მოპირდაპირე სახლში მცხოვრები ტორი ერთი დანახვით მოეწონა, მაშინ როდესაც საკუთარი სახლის აივანზე გამოსულმა ის სახურავზე, ცეკვის დროს დაინახა. სახლიდან გასვლას ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებს, ამიტომ ჯერემიმ ტორის წერილი დრონის მეშვეობით გაუგზავნა, რომელშიც მისი ნომერი ეწერა.

წყვილის ურთიერთობა მიმოწერით დაიწყო, თუმცა ჯერემიმ მისი მეგობრის დახმარებით გადაწყვიტა ტორი პაემანზე დაეპატიჟებინა, მთავარ სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ ორივე მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სახლიდან გასვლა არ შეეძლოთ. თუმცა, გადაულახავი პრობლემა ჯერემისთვის არც ეს აღმოჩნდა.

ჯერემიმ ტორი დისტანციურ პაემანზე დაპატიჟა. ტორის სახურავზე პატარა, რომანტიული ვახშამი მოაწყო, ხოლო თავად საკუთარი სახლის აივანზე დარჩა. ისინი ერთმანეთს შორიდან ხედავდნენ და "ფეისთაიმით" ესაუბრებოდნენ.