დონალდ ტრამპმა "როდჩენკოვის აქტს“ ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა “როდჩენკოვის აქტს”, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებებში დოპინგის მოხმარების წესის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება.

დოკუმენტს სახელი ეწოდა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის პატივსაცემად, რომელიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორი გახდა.

კანონი ითვალისწინებს მილიონ დოლარამდე ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას ათ წლამდე ვადით. ასეთი ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ სქემების მონაწილეთა მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს დოპინგის მეშვეობით საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე გავლენის მოხდენას.