ერდოღანმა ტყის ხანძრებს საერთაშორისო საფრთხე უწოდა

ტყის ხანძრები საერთაშორისო საფრთხე გახდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიასა და ტერორიზმს უტოლდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

”ტყის ხანძრები საერთაშორისო საფრთხეა, რომელიც COVID-19 პანდემიას უდრის, ის შეიძლება ტერორიზმის საფრთხესაც კი შევადაროთ”, - განაცხადა ერდოღანმა ტელეარხ A Haber–თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ტყის ხანძრების გამოწვევის წინაშე ახლა მთელი მსოფლიო დგას. ტყეები იწვის აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, აფრიკის ქვეყნებში და ეს ვითარება კლიმატური პირობებით არის გამოწვეული.

თურქეთში ტყის ხანძრები ერთ კვირაზე მეტია მძვინვარებს. სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი ევაკუირებულია. დამწვარია ტყის საფარის დიდი ნაწილი, რაც კოსმოსიდანაც კი ჩანს. ამჟამად ხანძრებს სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის შვიდ პროვინციაში: ადანაში, ანტალიაში, აიდინიში, დენიზლიში, ჰატაიში, ისფართასა და მუღლაში ებრძვიან.