ესპანეთი ბოლივიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს

ბოლივიაში ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ესპანეთი ქვეყანასთან დიპლომატიურ კრიზისს დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის რადიო- და ტელეკორპორაცია (RTVE) ავრცელებს.

ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა მალე სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელიც ბოლივიასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს დაიწყებს. ბოლივიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ კი ესპანეთი ელჩს დანიშნავს.

ბოლივიასა და ესპანეთს შორის დაძაბულობა 2019 წელს დაიწყო. ქვეყნებმა ერთმანეთის დიპლომატები გააძევეს.

დიპლომატიური კრიზისი მაშინ დაიწყო, როდესაც ორი ესპანელი დიპლომატი ბოლივიაში მექსიკის ელჩის რეზიდენცია ეწვია. ბოლივიაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ევო მორალესის მთავრობის მინისტრების ნაწილმა თავშესაფარი მექსიკის საელჩოს სთხოვა. ბოლივიის გარდამავალმა მთავრობამ ესპანელი დიპლომატები ევო მორალესის მთავრობის რომელიმე მინისტრის მექსიკის საელჩოდან წაყვანის მცდელობაში დაადანაშაულა. ესპანელმა დიპლომატებმა მაშინ განაცხადეს, რომ ამას არ გეგმავდნენ და საელჩოში შეშფოთების დასაფიქსირებლად მივიდნენ. ამის შემდეგ ესპანეთის ელჩი ბოლივიაში და ორი დიპლომატი ბოლივიიდან გააძევეს.

შეგახსენებთ, ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუის არსემ გაიმარჯვა.