ევროკავშირმა რუსეთი მის წევრ ქვეყნებზე კიბერშეტევების გამო დაგმო

ევროკავშირმა რუსი ჰაკერების მავნე ქმედებები დაგმო და რუსეთის ფედერაცია კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი საქციელისკენ მოუწოდა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

"ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მავნე კიბერაქტივობა დააფიქსირა და ის რუსეთის სახელმწიფოს დაუკავშირა. ასეთი აქტივობა მიუღებელია, რადგან ის ჩვენს მთლიანობას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ ღირებულებებს და პრინციპებს და ჩვენი დემოკრატიების ფუნდამენტურ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის", - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ეს მავნე კიბერშეტევები მრავალრიცხოვანი პარლამენტის წევრების, მაღალჩინოსნების, პოლიტიკოსების, პრესისა და ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული.

"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მკაცრად გმობენ ამ მავნე კიბერაქტივობას, რომელიც ყველა მონაწილემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაიცვას კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ქცევის ნორმები", - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა

მისი თქმით, ევროკავშირი საკითხს მომავალ შეხვედრებზე დაუბრუნდება და შემდგომი ნაბიჯების შესაძლებლობას განიხილავს.