ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის მოზარდებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის მოზარდებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. Moderna-ს ვაქცინა ამ დრომდე მხოლოდ 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის იყო ნებადართული, თუმცა 7 ივნისს ამერიკულმა ფარმაცევტულმა მწარმოებელმა ევროპის წამლის სააგენტოს ვაქცინის მოზარდებში გამოყენების დაშვების თხოვნით მიმართა.

მაისის ბოლოს Moderna-მ 12-დან 17 წლამდე ასაკის 3 700-ზე მეტ პირზე კლინიკური კვლევების სრული შედეგები გამოაქვეყნა. ვაქცინა აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ეფექტური და უსაფრთხო აღმოჩნდა.

28 მაისს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.