Facebook-ისგან Instagram-ისა და და WhatsApp-ის გაყიდვას ითხოვენ

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და სხვადასხვა შტატების 48 გენერალურმა პროკურორმა Facebook-ის წინააღმდეგ ორი ანტიმონოპოლიური სარჩელი შეიტანეს. ისინი კომპანიისგან Instagram-ისა და და WhatsApp-ის გაყიდვას ითხოვენ.

”თითქმის ათი წლის განმავლობაში, Facebook ბაზარზე დომინირებასა და მონოპოლიურ ძალას მცირე მეტოქეების გასანადგურებლად და კონკურენციის ჩასახშობად იყენებდა, რაც ჩვეულებრივი მომხმარებლების ხარჯზე ხდება", - აღნიშნულია ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის განცხადებაში.

ის თვლის, რომ Facebook– ის ქმედებები სხვა კომპანიებს პოტენციურ ინვესტორებს ართმევს, რადგან მათ არ სურთ, მომავალში კონკურენცია მარკ ცუკერბერგს გაუწიონ.

”Facebook-ის სწრაფვა ბაზარზე დომინანტი ადგილის დასაკავებლად უკანონო და საზიანოა. სარჩელით უნდა განემარტოს Facebook-სა და ნებისმიერ სხვა კომპანიას, რომ ნებისმიერი მცდელობა, შეაფერხოს კონკურენცია, უარი თქვას ინოვაციაზე ან შეამციროს კონფიდენციალურობის დაცვა, ჩვენი ოფისებიდან უპასუხოდ არ დარჩება”, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა Instagram 2012 წელს 1 მილიარდ დოლარად იყიდა. WhatsApp–ის შესყიდვის შესახებ გარიგება 2014 წელს შედგა, რომლის თანხამ უკვე 19 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2019 წელს ამ სერვისების ოფიციალური სახელები შეიცვალა და მათ კომბინაცია "from Facebook" დაემატა.