გამოძიებამ შერემეტის მკვლელობის ორგანიზატორი და მოტივი დაასახელა

უკრაინელი გამომძიებლები თვლიან, რომ რუსი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის მკვლელობის ორგანიზატორი უკრაინელი როკ-მუსიკოსი ანდრეი ანტონენკოა.

დოკუმენტი ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, იულია კუზმენკოს ადვოკატმა გამოაქვეყნა.

გამოძიების მტკიცებით, ანტონენკო "ულტრანაციონალისტური იდეების" მიმდევარი და "არიული რასის უპირატესობისა და ეროვნული კუთვნილების პრინციპით საზოგადოების დაყოფის კულტივატორია".

გამომძიებლების თქმით, მან მკვლელობის სულ მცირე 5 თანამონაწილე შეკრიბა, რომელთაც სამხედრო მომზადება ჰქონდათ გავლილი. ისინი ანალოგიურ შეხედულებებს იზიარებდნენ.

გამოძიების ვერსიით, მათი მოტივი "ეროვნულ-რადიკალური იდეებისკენ" საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო. 

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ რუსი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები გუშინ დააკავა.

პაველ შერემეტის მანქანა 2016 წელს კიევის ცენტრში ააფეთქეს.