გერმანიამ, შესაძლოა, Telegram დაბლოკოს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე, შესაძლოა, მესინჯერი Telegram დაიბლოკოს, თუ გერმანიის კანონმდებლობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მესინჯერის ხელმძღვანელობა თანამშრომლობას არ დათანხმდება. ინფორმაციას Die Zeit ავრცელებს.

მისი თქმით, სერვისის ადმინისტრაციამ გერმანიაში მომსახურების გაწევისას გერმანიის კანონები უნდა დაიცვას.

ბერლინი ამჟამად Telegram-ისგან მხოლოდ ერთს მოითხოვს: ოფიციალური საკონტაქტო პირის დანიშვნას, რომელთანაც გერმანიის ხელისუფლებას დაკავშირება შეუძლია. ამჟამად მოთხოვნა უკანონო კონტენტის წაშლის შესახებ დუბაიში უნდა გაიგზავნოს, რაც პროცესს ართულებს და ძალიან ანელებს.

ტერორისტული საფრთხის გარდა, გერმანია შეშფოთებულია, რომ Telegram-ს ფართოდ ანტივაქსერები იყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მესინჯერებს სთხოვს, წაშალონ "ფეიკები" COVID-19-ისა და ვაქცინების შესახებ.