ჰააგის სასამართლო სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის სარჩელზე გადაწყვეტილებას 7 დეკემბერს გამოაცხადებს

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის სარჩელზე გადაწყვეტილებას 7 დეკემბერს გამოაცხადებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

განაჩენს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე ჯოან დონოჰიუ საჯაროდ წაიკითხავს.

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით სასამართლო დარბაზში მხოლოდ სასამართლოს წევრები და ამ საქმეში მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები იქნებიან.

ოქტომბერში გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის სარჩელზე ორდღიანი მოსმენა გაიმართა. სხდომაზე აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა სასამართლოს მოუწოდა, სომხეთის წინააღმდეგ რამდენიმე დროებითი შემზღუდავი ზომა მიიღოს.