იაპონია ნახმარი საწვავიდან პლუტონიუმის მოპოვების პროგრამას გააგრძელებს

იაპონიამ განაცხადა, რომ ბირთვული საწვავის უტილიზაციის პროგრამას გააგრძელებს. ის ნახმარი საწვავიდან პლუტონიუმის მოპოვებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Associated Press წერს.

სააგენტო ცნობით, საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტს შეშფოთებით უყურებს, რადგან ქვეყანაში პლუტონიუმის მარაგი ისედაც დიდია.

"მთავრობა მტკიცედ შეუწყობს ხელს ბირთვულ ენერგეტიკულ პოლიტიკასა და საწვავის ციკლის პროგრამებს", - განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, კაცუნობუ კატომ.

კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ნახმარი საწვავიდან პლუტონიუმის მოპოვების პროგრამის გაგრძელება იაპონიის პლუტონიუმის ისედაც დიდ მარაგებს კიდევ უფრო გაზრდის.

ამჟამად იაპონიას 45,5 ტონა გამოყოფილი პლუტონიუმი აქვს, აქედან 8,9 ტონა შინ და 36,6 ტონა დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში. ეს რაოდენობა დაახლოებით 6000 ატომური ბომბის შესაქმნელად საკმარისია.