იაპონიაში მოსახლეობის დასახმარებლად ჯარი გამოიყვანეს

იაპონიაში ტაიფუნისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ჯარი გამოიყვანეს. სტიქიამ 18 ადამიანი შეიწირა და ტოკიოს პარალიზება გამოიწვია. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები კიდევ 13 დაკარგულს ეძებენ. 

ტაიფუნმა ცენტრალური და აღმოსავლეთ იაპონიის მხარე დააზარალა, სადაც თითქმის ნახევარი მილიონი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  ტოკიოს აეროპორტებში 800-ზე მეტი რეისი გაუქმდა. მატარებლები საგანგებო რეჟიმში გადაადგილდებიან, რადგან სარკინიგზო კატასტროფების რისკი მაღალია.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა ადამიანთა სიცოცხლისა და საკუთრების გადასარჩენად. მისივე განცხადებით, მთავრობამ დამატებით 27000 სამხედრო გამოიყვანა, რომლებიც დაზარალებულებს დაეხმარებიან.

ადგილობვრივი მედია იტყობინება, რომ მონაცემები ზარალის შესახებ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან შენობების დიდი ნაწილი ამ დრომდე დატბორილია.