ინდოეთის შრატის ინსტიტუტი AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოებას სხვა ქვეყნებში გეგმავს

ინდოეთის შრატის ინსტიტუტი, რომელიც COVID-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინას AstraZeneca (Covishield) აწარმოებს, ვაქცინის წარმოებას სხვა ქვეყნებში გეგმავს. ასე ის ეცდება, შეასრულოს მიწოდების ვალდებულებები. ამის შესახებ ბრიტანულ გაზეთ The Times-ს ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ადარ პუნავალამ განუცხადა.

”ეს უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება”, - აღნიშნა მან.

გასულ კვირას პუნავალამ განაცხადა, რომ შრატის ინსტიტუტი Serum Institute) ყოველთვიური წარმოების 100 მილიონ დოზამდე გაზრდას ივლისისთვის შეძლებს. მანამდე ეს მოცულობა მაისის ბოლოს იყო დაგეგმილი. ამასთან, ინდოეთის რამდენიმე შტატში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გათავდა.

პუნავალამ იმედი გამოთქვა, რომ ექვსი თვის განმავლობაში შრატის ინსტიტუტის წარმოების მოცულობა 2.5 მილიარდიდან 3 მილიარდ დოზამდე გაიზრდება.