ინდოეთში 24 საათში ინფიცირების 200 000 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 24 საათში ინფიცირების ახალი პიკი დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსი 200 739 ადამიანს დაუდასტურდა და 1000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. ინდოეთში ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა უკვე 36-ე კვირაა გრძელდება. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 14,1 მილიონს მიაღწია.

ინდოეთი კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა აშშ-ის შემდეგ, სადაც ინფიცირებულთა სტატისტიკა 31,4 მილიონს აღწევს.

ინდოეთიდან საქართველოში გამომგზავრების მსურველთათვის შემდეგი რეგულაციები მოქმედებს:

. ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.

. კანონში ცვლილებების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს.

. ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

. დადგენილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან 14 აპრილს მომავალი უცხოელი სტუდენტების(მიუხედავად მოქალაქეობისა) საკარანტინო ხარჯები დაფინანსდება ერთჯერადად, მხოლოდ 6 დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 8 დღის განმავლობაში საკარანტინო ხარჯებს ისინი საკუთარი ხარჯით დაფარავენ.