ინდოეთში "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაადასტურა. პაციენტი 74 წლის მამაკაცია, რომელიც დასავლეთ რაჯასტანის შტატში დაიღუპა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

”ტექნიკურად, ეს "ომიკრონთან" დაკავშირებული სიკვდილია. ის ხანშიშესული მამაკაცი იყო, დიაბეტით და თანმდევი დაავადებით", - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს მდივანმა ლავ აგარვალმა.

უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ინდოეთში კორონავირუსით 325 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან "ომიკრონით" - მხოლოდ 1.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში COVID-19-ის 90 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 35 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 482 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.