ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას პორტალი Detik ავრცელებს.

„ოპერაციის დროს მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები იპოვეს, რითაც მათი საერთო რაოდენობა 22-მდე გაიზარდა“, - განაცხადეს მაშველებმა.

სემერუ კუნძულ იავაზე ყველაზე მაღალი მწვერვალია და ინდონეზიის 130 აქტიურ ვულკანთა რიცხვში შედის.

თვითმხილველების განცხადებით, რამდენიმე სოფელში სახლები და ავტომობილები ვულკანური ფერფლითაა დაფარული.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Antara-ს ინფორმაციით, მაშველებმა ლუმაჯანგის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს დედის ცხედარი, რომელსაც მკვდარი ბავშვი ეჭირა ხელში.

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუ ორი დღის წინ ამოიფრქვა.