ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ინგლისში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო მიიღეს.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, ვირუსის ახალი ვარიანტი ძალიან სწრაფად ვრცელდება, რის გამოც ქვეყანაში რიგით მესამე საყოველთაო კარანტინის დაწესებაა საჭირო. 

,,თუ ახლა შესაბამის ზომებს არ მივიღებთ, ჯანდაცვის სისტემა 21 დღის განმავლობაში გადაიტვირთება“, - განაცხადა ჯონსონმა.

მისივე თქმით, მკაცრი ლოკდაუნი, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.

სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავა. სახლიდან გასვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება დაშვებული. რესტორნები გატანის სერვისით იმუშავებენ.

ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირაა, ინგლისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000-ს აღემატება.