IOC-ის პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო იაპონიაში ვიზიტი გადადო

ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის ვიზიტი იაპონიაში გადაიდოს. ინფორმაციას The Washington Post აქვეყნებს

იაპონიაში ბახის ჩასვლა დაგეგმილი იყო 17 და 18 მაისს ჰიროსიმას ოლიმპიური ჩირაღდნის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

საორგანიზაციო კომიტეტმა მოლაპარაკებები გამართა IOC-სთან ვიზიტის გადადების შესახებ, მას შემდეგ რაც მთავრობამ იაპონიის რამდენიმე რეგიონში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო რეჟიმი გაახანგრძლივა.

ცნობილია, რომ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ ბახის ვიზიტი ქვეყანაში რაც შეიძლება მალე მოხდეს. კომიტეტი განაგრძობს იაპონიაში ეპიდსიტუაციის მონიტორინგს.