ირანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა

ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის ბიუჯეტში რეგულარული შენატანების გადაუხდელობის გამო, ირანი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა. ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარეს, ვოლკან ბოზკირს მისწერა.

ირანისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გარდა საწევროს არ იხდიდა კომორის კუნძულები, სომალი და სან-ტომე და პრინსიპი, თუმცა წერილში აღნიშნულია, რომ ეს სამი სახელმწიფო ხმის უფლებას გენერალურ ასამბლეაში მისი 75-ე სესიის დასრულებამდე შეინარჩუნებს.

გენერალური მდივნის წერილის თანახმად, ხმის მიცემის უფლების აღსადგენად, ირანმა ორგანიზაციის ბიუჯეტში 16 251 298 აშშ დოლარი, ხოლო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ 29 395 აშშ დოლარი უნდა შეიტანოს.